საქართველოს ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენელთა ჯგუფი ეწვევა
საქართველოს ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენელთა ჯგუფი ეწვევა

საქართველოს დღეს ვიზიტით ეწვევა ეუთო-ს 30-მდე წევრი ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაცია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდგომ ეს გახლავთ ეუთო-ს ელჩების პირველი ვიზიტი საქართველოში. ეუთო-ს წევრი ქვეყნების ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან. ასევე, იგეგმება შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და მოინახულებენ ეუთო-ს დაფინანსებით განხორციელებულ პროექტს სოფელ სობისში. ელჩებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მაცხოვრებლების მდგომარეობას, ასევე, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში დემოკრატიზაციის კუთხით გატარებული რეფორმების თაობაზე.

ეუთო-ს 30-მდე წევრი ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციის საქართველოში ვიზიტი 21 ივნისს დასრულდება.