საქართველოს ეროვნულ გმირ გიორგი ანწუხელიძეს დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ
18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას 34 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნულ გმირს დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგებს და მის საფლავს ყვავილებით შეამკობს.
გმირის ხსოვნას პატივს მიაგებენ მის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში მდებარე მემორიალთანაც.
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 10 წლის წინ, 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. გიორგი ანწუხელიძე წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.