საქართველოს ექვს ლაბორატორიაში კორონავირუსზე დღეს 200-მდე ნიმუშის კვლევა მიმდინარეობს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია არ არის ისეთი რთული, როგორც მეზობელ ქვეყნებში, თუნდაც ევროპაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ლაბორატორიულად დადასტურებული რაოდენობა 196-ს შეადგენს.
ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, დღეს ლაბორატორიებში 200-მდე პაციენტის ნიმუშის კვლევა მიმდინარეობს.
„ჯერჯერობით საქართველოში ეპიდსიტუაცია, ვიტყოდი, რომ არ არის ისეთი რთული, როგორც მეზობელ ქვეყნებში ან ევროპაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ეპიდემია თანადათან ვითარდება. დღეს ჩვენს ლაბორატორიებში მიმდინარეობს 200-მდე კვლევა, მიმდინარეობს ქვეყანაში ექვს სხვადასხვა ლაბორატორიაში ე.წ პისიარსტანდარტით და ამ ეტაპზე, ერთი შემთხვევაა დამატებული, მაგრამ ვფიქრობ, გვექნება შემთხვევების მატება, რამეთუ ყოველდღიურად გვაქვს შემთხვევების მატება. განსაკუთრებით ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო ორნიშნა მატებები, იყო 15, 18, თუმცა დღეს დილით გვქონდა 7 ახალი შემთხვევა. ამჯერად ერთია დამატებული.
სტატისტიკა რომ გითხრათ, ამ წუთისთვის, 3 271 გამოკვლეული ადამიანიდან გვაქვს 196 ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა. 3457 ნიმუში გაიტესტა, რადგან მოგეხსენებათ, გაწერის ერთ-ერთი კრიტერიუმია ორჯერ უარყოფითი ტესტის პასუხი. 46 გამოჯანმრთელებული ადამიანი გვყავს და სამწუხარო არის, რომ დაფიქსირებულია სამი გარდაცვალების შემთხვევა. სამივე შემთხვევაში იყო მძიმე თანმხლები დაავადებები, ასაკი, ხანდაზმულობა. პერსონალურ მონაცემებზე არასდროს ვკონკრეტდები, რამეთუ ამას იცავს კანონი პაციენტის მდგომარეობის შესახებ“ , – განაცხადა გამყრელიძემ.