საქართველოს ელჩმა გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილმა გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ცერემონია ბერლინში, ბელვიუს სასახლეში გაიმართა.
ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2017 წლის დეკემბერში წარადგინეს.
2014-2015 წლებში ხოკრიშვილი იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრი, ეკავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, შემდეგ კი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტი. მას განათლება გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტში ეკონომიკის განხრით აქვს მიღებული. ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრისა და დოქტორის სამეცნიერო ხარისხები.
ის 2002-2008 წწ. პოტსდამის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. მოგვიანებით, გახდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს ექსპერტი, რის შემდეგაც ისევ პოტსდამის უნივერსიტეტს დაუბრუნდა და 2010 წლამდე პროექტების მართვის სპეციალისტად მუშაობდა. მას აქვს დიპლომატიაში მოღვაწეობის გამოცდილება, რომელიც ბერლინში, საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობისას შეიძინა.