საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა ტრანსპორტის გაერთიანების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიაში, ტრანსპორტის გაერთიანების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე ევროკომისიის მხრიდან ხაზი გაესვა ტრანსპორტის გაერთიანების სტრუქტურებში და ღონისძიებებში საქართველოს, როგორც დამკვირვებელი ქვეყნის აქტიური ჩართულობის ფაქტს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო ურყევად დგას ევროინტეგრაციის გზაზე, რაზეც მეტყველებს ის მნიშვნელოვანი რეფორმები და ღონისძიებები, რასაც ქვეყანა ახორციელებს.
მისი თქმით, ტრანსპორტის სფეროში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დარჩენილი რეგულაციების და დირექტივების დანერგვის მიმართულებით.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულ ინტეგრაციას.
საქართველო ერთი წელია, რაც ტრანსპორტის გაერთიანებაში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. გაერთიანება ევროკავშირის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აერთიანებს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მონაწილე მხარეების ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირთან სამართლებრივ დახლოებას და ევროპულ ბაზრებში ინტეგრაციას.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.