„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე არჩევნების თემაზე კითხვა არ დასმულა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი გვანცა წულუკიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პოპმეოსთან შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა უფრო მეტად კანონის უზენაესობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე აქცენტირებას და არჩევნებთან დაკავშირებით შეკითხვა არ დასმულა.
„ვისაუბრეთ იმაზე, რომ სასამართლოში მიმდინარეობს საარჩევნო დავები, რომელთა უმრავლესობაც არის განუხილველად დატოვებული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ფორმატი ითვალისწინებდა უფრო მეტად კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე აქცენტირებას, არჩევნებთან დაკავშირებით დღეს კომენტარი არ გაკეთებულა. შეკითხვაც არ დასმულა ამ თემაზე“, – განაცხადა გვანცა წულუკიძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრა „იმ საქმეებზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ სასამართლო გამოიყენება როგორც პოლიტიკური იარაღი პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად“.
„ჩემი ორგანიზაციის პოზიციიდან გავაჟღერე ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებიც ადასტურებს, რომ სასამართლო გამოიყენება როგორც პოლიტიკური იარაღი პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად. ამის დასადასტურებლად, დროის სიმცირის გამო, ყველა საქმე ვერ მივიყვანე, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე გიორგი რურუას საქმეზე, კარტოგრაფების საქმეზე, შარშანდელი აქციებიდან მოყოლებული სამოქალაქო აქტივისტების დაკავებისა და დაჯარიმების შემთხვევებზე. ბოლოს, მაგალითად მოვიყვანე იმ ორი მონიტორის საქმე, რომლებიც დაკავებულნი იქნენ მეგობრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით. ამით მინდოდა, ხაზი გამესვა და დამედასტურებინა, თუ როგორ მოქმედებს სასამართლო“, – განაცხადა გვანცა წულუკიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ.
საელჩოს ცნობით, სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა.
მათივე განმარტებით, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში.
„თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად“, – აცხადებენ საელჩოში.