„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ქალებს, რომლებიც თავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევენ, უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს
არასამთავრობო ორგანიზაციები „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI),„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარებისა ინსტიტუტი“ (IDSD) და „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ (TI) სექსუალური შევიწროების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციები შეშფოთებული არიან ფაქტით, რომელიც ზვიად დევდარიანის მიერ ქალების სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებს ეხება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი სოლიდარობას და თანადგომას უცხადებენ იმ ქალებს, რომლებიც თავს სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლად მიიჩნევენ.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ყველა მათგანს, საკუთარი უფლებების დასაცავად, უფასო იურიდიული დახმარებას და სამართლებრივ მხარდაჭერას ვთავაზობთ, მათ შორის აღნიშნული საქმის წარმოების პროცესში.
„აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი შეფასების საგანს არ წარმოადგენს გახმაურებული ისტორიების ნაწილი, რომელიც საკუთარი შინაარსით ადამიანის პირადი ცხოვრებით დაცულ სფეროს ფარგლებში ექცევა და ქცევის ზნეობრიობისა და მორალურობის შეფასების კატეგორიას განეკუთვნება, რადგან გვწამს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მორალურად მისაღები და რა – მიუღებელი“,- ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, როდესაც ადამიანის ქცევა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ უპატივცემულობაში გამოიხატება, ის ყოველთვის მოექცევა მათი მკაცრი კრიტიკის ქვეშ.
„ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ორმაგ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის ფაქტი, რომ თავად ჩვენს შორის ვერ მოვახერხეთ მსგავსი მოვლენების პრევენცია.
ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბოლო მოვლენები, ჩვენი საზოგადოებისთვის ძლიერ ბიძგად იქცეს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაში და აღნიშნულ თემაზე დუმილის დასაძლევად მნიშვნელოვანი გარდატეხის მომტანი აღმოჩნდეს, რადგან სამწუხაროდ პრობლემა გაცილებით მასშტაბურია. მხოლოდ სპეციალური კანონმდებლობის სრულყოფა ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას და აუცილებელია პრევენციული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლის განხორციელებაშიც მნიშვნელოვანი როლი სწორედ სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ქონდეს.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იმ მძიმე სამართლებრივი და სხვა სახის შედეგების გათვალისწინებით, რაც სექსუალური ძალადობის ბრალდებას შეიძლება მოყვეს, მხოლოდ ყოველი ამგვარი შემთხვევის დეტალური შესწავლა იძლევა როგორც სავარაუდო მსხვერპლების სათანადო დაცვის, ასევე სხვა საფრთხეების თავიდან აცილების საშუალებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ამ საკითხს დღეს „კოალიცია თანასწორობისთვისაც“ გამოეხმაურა.
ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სათანადო რეაგირებას მოითხოვს და ქალებს სამართლებრივი საშუალებების გამოყენებისკენ მოუწოდებს.