საქართველოს დელეგაციის წევრები ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავენ
სტრასბურგში მყოფი საქართველოს დელეგაციის წევრები ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავენ.
ევროპარლამენტში 12 ივნისს საქართველოს შესახებ დებატებია დანიშნული. პარლამენტში სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ.
მოგერინის გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებასაც გეგმავს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომს ეხება.
საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია, კიდევ ერთხელ მიეცეს შეფასება რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას.
„სტრასბურგში ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება საქართველოსთვის. ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებებს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ათი წლისთავთან დაკავშირებით მიიღებს რეზოლუციას. ამ რეზოლუციაში ასახულია აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში შეშფოთების საგანი იყო. ასახულია ყველა ის დეტალი, როგორიც არის საზღვრების გავლება, ადამიანების გატაცება, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელობა და ა.შ. ცალსახად არის გამოკვეთილი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ამაზე თანხმდება ევროპარლამენტის აბსოლუტურად ყველა წამყვანი ძლიერი პარტია“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.