საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და საქართველოს ეროვნული პრემიები გაიცემა
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და საქართველოს ეროვნული პრემიები გაიცემა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიების წევრებს შეხვდა და კონკურსში მონაწილეთა აქტივობა შეაჯამა.

სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს, რომლებსაც კომისიისათვის საკუთარი ნამუშევრები უნდა წარედგინათ.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, ამ დრომდე, სხვადასხვა საკანონმდებლო ხარვეზის გამო, ვერ ხერხდებოდა საქართველოს მეცნიერებისა და ხელოვანების მიღწევები გამოევლინათ, ახლა კი არსებობს იმის იურიდიული საფუძველი, რომ ხელოვანებისა და მეცნიერების ხუთი წლის შრომა შეფასდეს და აღიარებული იქნას.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს გაწეული სამუშაოსათვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული პრემიების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.

„დღეს ვუთხარი მადლობა მათ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც ისინი ქვეყნისთვის აკეთებენ. პრემიები გაიცემა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის საზეიმო აღნიშვნის კვირეულის ფარგლებში. განსაკუთრებული ყურადღება იქნება საქართველოზე მოპყრობილი ამ დღეებში და სწორედ მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში გამორჩეული ადამიანებით წარდგება საქართველო მსოფლიოს წინაშე ამ ზეიმზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროცესი ვადების ფარგლებში მიმდინარეობს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომისიის წევრების თქმით, წელს საკმაოდ ბევრი განაცხადი შემოვიდა და ახლა ნაშრომების განხილვა მიმდინარეობს. ნომინანტების გამოვლენის თარიღი კი ჯერ უცნობია.

კონკურსი 2018 წლის 11 აპრილს გამოცხადდა. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები 1-ლი მაისის ჩათვლით მიიღებოდა.