კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ტერიტორიები შესაძლოა, იუნესკო-ს მემკვიდრეობის სიაში შევიდეს
საქართველოს დაცული ტერიტორიების იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარდგენასთან დაკავშირებით ბათუმში შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.
„ეს კონფერენცია ეძღვნება კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ტერიტორიების იუნესკო-ს მემკვიდრეობად აღიარებას. ეს შეიძლება, პირველი შემთხვევა იყოს, როცა ბუნების არეალი იუნესკო-ს მემკვიდრეობის სიაში შევა, აქამდე მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გვაქვს იუნესკო-ში. უნიკალურია ჭარბტენიანი ტერიტორიები, რომელიც ოთხ არეალს მოიცავს. ხელშეუხებელი ბუნება გვაქვს, რომელიც საფრთხის ქვეშ არ არის, დღეს ის არის დაცული და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ სიაში შევიდეს. ჩვენ ბოლო წლებში ვცდილობთ, დავნერგოთ ის სტანდარტები, რომელიც დაცული ტერიტორიების მართვას უკავშირდება. შესაბამისად, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს „აისიემთან“ საერთაშორისო დონეზე,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია – მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები პირველად საქართველოს ისტორიაში, იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინეს. ბოლო ერთი კვირის მანძილზე ტერიტორიებს იუნესკო-ს და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის( IUCN) ექსპერტები სტუმრობდნენ, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებასა და უნიკალურ კოლხურ ტყეებს.
კონფერენციაზე კოლხური ტყეებისა და წყალჭარბი ტერიტორიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ტერიტორიების მართვის მენეჯმენტის გეგმები. კონფერენციაზე ასევე წარადგინეს მოხსენება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებზე.
ინიციატივა 2017 წლიდან ხორციელდება გერმანიის მთავრობის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად ნომინირება უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ქვეყნისთვის.
კერძოდ, როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ობიექტების მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და რაოდენობის ზრდას, შესაბამისად, შერჩეულ ტერიტორიებზე მაღალკვალიფიციური და თანამედროვე კვლევების წარმოების ალბათობას, ასევე დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოირჩევა მისი უნიკალური ეკო-სისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. ტერიტორიებზე გავრცელებულია წითელი ნუსხის, რელიქტური და ენდემური სახეობები. განსაკუთრებით აღსანიშნავია: კოლხური ბზა, ლაფანი, კოლხური მუხა, წიფელი, წაბლი, იშვიათი სფაგნუმები, უნგრენის შქერი და პონტოს მუხა. კოლხეთის დაბლობი არის იმ მნიშვნელოვანი სახეობების თავშესაფარი, რომლების გამყინვარების პერიოდს გადაურჩნენ. აღსანიშნავია, რომ ეს საერთაშორისო მნიშვნელობის დაცული ტერიტორიებია და წარმოადგენს რამსარის საიტებს.