ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთში იმყოფებოდა, ბულგარეთის მსხვილი კომპანიის „ენერჯი მარკეტის“ მფლობელს, ბორისლავ ლორინკოვსა და ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და დარგში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება. რეფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობას და ბაზრების გახსნას, ასევე მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნების სათანადო დაცვას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია „ენერჯი მარკეტი“ ახორციელებს როგორც ბულგარეთში, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ენერგეტიკულ პროექტებს. მათ დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზების რეფორმის მიმართ და გამოთქვეს სურვილი, გახდნენ საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე.
გენადი არველაძემ ბულგარული კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა ჰიდროელექტროსადგურებსა და განახლებადი ენერგიის მიმართულებაზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა მზის ელექტროსადგურისა და გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებზე.
შეხვედრაზე ბულგარეთის ენერგოკომპანიის წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესაძლებლობების შესახებ, ასევე დაბალი გადასახადების და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს თაობაზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოგების გადასახადის რეფორმამ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბულგარეთის კომპანიის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან და ადგილობრივი ენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „ენერჯი მარკეტი“ ფლობს ელექტროგადამცემ ხაზებს, ჰიდროელექტროსადგურებს, განახლებადი ენერგიის, მათ შორის, მზისა და ქარის ელექტროსადგურებს როგორც ბულგარეთში, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, კომპანია ელექტროენერგიას აწვდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგოსექტორებს, ასევე განკარგავს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ერთ-ერთ მსხვილ ენერგოკომპანიას.