ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალოუსიო ნუნეს ფერეირა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. ნუნესს სამთავრობო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დელეგაციასთან ერთად დახვდა.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ბრაზილიასთან ორმხრივ ურთიერთობებში პრიორიტეტული მიმართულებები ტურიზმი და ეკონომიკაა.
„სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში დინამიკა მზარდია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ვიზიტორების რიცხვი დიდი არ არის, მაგრამ აქაც არის პოზიტიური დინამიკა, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ბრაზილია შორს არის ჩვენგან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის კონტექსტში ეს ვიზიტი ძალიან კარგად ჯდება, ასევე ბრაზილია არის მნიშვნელოვანი, წამყვანი ქვეყანა ამერიკის კონტინენტზე და მას აქვს სერიოზული როლი მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და ბუნებრივია, ყველა ეს მიმართულება იქნება ჩვენი დღის წესრიგის და მოლაპარაკებების მთავარი პრიორიტეტი“ – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ხვალ დილიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებენ. დღის განმავლობაში მას ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი და ვიცე-პრემიერიც შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში განიხილება ყველა შესაძლო თანამშრომლობის სფერო, სადაც ორი ქვეყანა ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავენ, მათ შორის, რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებშიც.
„ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა არის ძალიან ღრმა და შევეცდებით, ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯები და გეგმები დავსახოთ. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ბრაზილიასთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას და ჩვენ ვითანამშრომლებთ ასევე, სხვა მიმართულებებზე, ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რაც რეგიონში არსებობს და მივაწვდით ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალურ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს დავით ზალკალიანი.
ორი ქვეყანა ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას ხვალ დოკუმენტით გააფორმებს. მას ხელი საგარეო უწყებაში მოეწერება.
ბრაზილია იმ ქვეყნების სიაშია, რომელთანაც საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს გაფორმებული, საქართველოს მოქალაქეებს ნებისმიერი 180 დღის პერიოდში ბრაზილიაში 90 დღე შეუძლიათ დაჰყონ.