საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - არსებული მდგომარეობის ნეგატიური შეფასების მიუხედავად, ბიზნესი ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - არსებული მდგომარეობის ნეგატიური შეფასების მიუხედავად, ბიზნესი ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს

საქართველოს ბიზნესასოციაციამ PMC კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით აპრილში კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასებასა და მოლოდინს ემყარება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

გამოკითხვის თანახმად, მეორე კვარტალში ბიზნესი არსებულ მდგომარეობას, გაუმჯობესების მიუხედავად, კვლავ ნეგატიურად აფასებს, თუმცა ბიზნესის მოლოდინი ოპტიმისტურია. საერთო ჯამში, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი პოზიტიურია და აღმასვლის მეოთხედში ხვდება. კვლევის ფარგლებში, ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიები ოთხ სექტორად იყოფა: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

„2021 წლის მეორე კვარტალში, ბიზნესასოციაციის ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი, მშენებლობის სექტორის გარდა, ყველა სექტორისთვის გაუმჯობესდა. ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში როგორც მიმდინარე მდგომარეობის შეფასება, ასევე მოლოდინიც გაუმჯობესებულია. რაც შეეხება მომსახურების სექტორს, კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 2020 წლის მესამე კვარტლის შემდეგ უმჯობესდება, ხოლო მოლოდინი, მცირედი გაუარესების მიუხედავად, კვლავ პოზიტიურია. მშენებლობის სექტორი, 2020 წლის მესამე კვარტლიდან მოყოლებული, მიმდინარე მდგომარეობას ნეგატიურად აფასებს. 2021 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის სექტორი ერთადერთია, სადაც არცერთი კომპანიის გაყიდვები არ გაზრდილა. სხვა სექტორებისაგან განსხვავებით, მშენებლობის სექტორის მოლოდინიც საგრძნობლად პესიმისტურია. მაშინ, როდესაც სხვა სექტორებში გამოკითხულთა 60%-70% მესამე კვარტალში გაყიდვების ზრდას მოელის, მშენებლობის სექტორში მსგავსი მოლოდინი მხოლოდ 13%-ს აქვს“, – აცხადებენ საქართველოს ბიზნესასოციაციაში.