„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ცნობით, შეხვედრაზე სიღრმისეულად მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, კერძო სექტორის განწყობები და მოლოდინები, რის ფონზეც განსაკუთრებული აქცენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დინამიკასა და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებზე გაკეთდა. დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გლობალურ ბაზრებზე საწვავისა და სასუქების ფასების ცვალებადობის ანალიზს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც სოფლის მეურნეობის სექტორზე, ისე მთლიანად კერძო სექტორის საოპერაციო ხარჯებზე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სასურსათო რეფორმისა და საავტომობილო ბიზნესში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობას.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლობას BAG ინდექსის პირველი კვარტალის შედეგები გააცნო, რომელიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი და გამოქვეყნდება.

„„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ დაფუძნების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომელთა შორის სავალუტო ფონდს გამორჩეული ადგილი უკავია. ჩვენთვის პატივია, რომ ფონდის მისია ვიზიტის დროს გამოთქვამს სურვილს, ესტუმროს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ და მოისმინოს ბიზნესში არსებული განწყობები და შეფასებები. ამჯერადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები და მიმდინარე გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენს როგორც ბიზნესსექტორზე, ასევე, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.