საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის განვითარებაზე ისაუბრეს
მინისტერიალზე განიხილეს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, – ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი მინისტერიალი. განვიხილეთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის დიდი პროექტები სატრანზიტო პოტენციალის თვალსაზრისით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მომავალი განვითარება, ახალი ტვირთების მოზიდვა, ახალი პროექტების განხორციელება, ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP), ტრანსანატოლიური მილსადენი (TANAP) და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები“, – განაცხადა ზურაბ პატარიძემ.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრა შედგა ორმხრივ ფორმატშიც, სადაც ხაზი გაესვა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხს.
„ასევე განვიხილეთ კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობა, ტურიზმის განვითარება, ქვეყნებს შორის მიმოსვლის გაზრდა და სხვა მნიშვნელოვანი თემები. ორმხრივ ფორმატში გაიმართა შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. ჩვენ განვიხილეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, 2020-ის წლის დასაწყისში დაგეგმილია მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვა ქალაქ ბაქოში, სადაც განხილული იქნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და საკითხი, რომელიც დაგროვდა დღის წესრიგში ქვეყნებს შორის. ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმი, სადაც მოწვეულები იქნებიან სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. ვფიქრობ, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი და ნაყოფიერი მუშაობა, რათა უფრო გაძლიერდეს ურთიერთობები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური.
აზერბაიჯანი ჩვენთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, 2019 წელს 10 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 850 მილიონამდე დოლარი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლებში ეს ციფრი გაიზრდება და ავალთ უფრო მაღალ ნიშნულებზე“, – განაცხადა ზურაბ პატარიძემ.