საქართველოს ავიაბაზარზე ფრენებს იწყებს ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია - AJET-ი და Transavia
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ორი ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია – Transavia და AJET-ი იწყებს. ფრენები 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან შესრულდება.
ნიდერლადების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით განახორციელებს, ხოლო თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია AJET-ი რეგულარულ რეისებს სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
ავიაკომპანია Transavia-ს მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისები 2024 წლის 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
რაც შეეხება ავიაკომპანია AJET-ს, ის სტამბოლი- თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენებს 2024 წლის 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად განახორციელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Transavia-სა და AJET-ს საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები 2024 წლის 12 მარტს მიანიჭა.