2025 წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი „ბრიტიშ ეარვეისი“ (British Airways) შემოდის.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. შედეგად, ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დედაქალაქები დაუკავშირდებიან.
2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ოთხი სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com უკვე შესაძლებელია.
„„ბრიტიშ ეარვეისი“ 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს. „ბრიტიშ ეარვეისი“, „ამერიკან ეარლაინსთან“ (American Airlines) ერთად, გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, „ვან ვორლდის“ (OneWorld) თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა „სკაი თიმისა“ (SkyTeam) და „სტარ ალიანსის“ (Star Alliance) შემდეგ. „ამერიკან ეარლაინსთან“ მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა, „ბრიტიშ ეარვეისის“ მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. „ბრიტიშ ეარვეისი“ მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.