საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ შემოვიდა
საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ შემოვიდა

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. ბერძნული „სქაი ექსპრესი“ (SKY express) პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ Airbus A321 neo ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.

ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, „ტავ ჯორჯიას“ (TAV Georgia) გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ავიაკომპანია „სქაი ექსპრესის“ მფლობელი იუანის გრილოსი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

„საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეემატა. „სქაი ექსპრესი“ ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან ერთობლივად მიმდინარეობდა და მნიშვნელოვანია, რომ საერთო ძალებით შევძელით და ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ ქართულ ავიაბაზარზე, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლას და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს პროგნოზებს მგზავრთნაკადთან დაკავშირებით. მინდა, ავიაკომპანიას წარმატება, ბევრი მგზავრი და უსაფრთხო ფრენები ვუსურვო“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

„სქაი ექსპრესი“, ეგეოსის ავიახაზებისა და „ვიზეარის“ შემდეგ, მესამე ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს ასრულებს. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, ჯამურად, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებით საბერძნეთის მიმართულებით და პირიქით 186 782 მგზავრმა ისარგებლა.