საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დღეს გახდება ცნობილი
საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დღეს გახდება ცნობილი

დღეს, 09:00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ კი უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურასა და სამთავრობო ცვლილებებზე იმსჯელებენ.

„პოლიტსაბჭო იკრიბება, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღოს სამთავრობო ცვლილებების თაობაზე. იქვე იქნება უმრავლესობის შეხვედრაც და პოლიტსაბჭო უმრავლესობას გააცნობს საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.

მამუკა ბახტაძემ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს.  როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისია შეასრულა.

„ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“, – აღნიშნავს ბახტაძე.

ამასთან, საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება დასჭირდება. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას.