საქართველოს აეროპორტებში ტურისტები საფერავის ღვინით დასაჩუქრდებიან.
ტურიზმის ადმინისტრაციამ პროექტი უკვე დაიწყო. ღვინო დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ ტურისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საჩუქრად გადასცა.
პროექტი უწყების მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ხორიელდება და მისი მიზანია საქართველოს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის პოზიციონირება. გარდა ამისა, ღვინის ბოთლზე დატანილი მესიჯებით აქცენტი გამახვილებულია, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა თავისი უნიკალური ტრადიციებით, კულტურითა და კულინარიით.
„დავიწყეთ ძალიან პოზიტიური კამპანია საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს სიმბოლურად გადავცემთ ქართულ ღვინოს, რომელზეც დატანილია ის ძირითადი მესიჯები, რომელიც სწორად წარადგენს ჩვენი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობას, ვასწავლით სიტყვას – „გამარჯობა“. მოხარული ვართ, რომ ამ კამპანიამ ტურისტებში ძალიან დადებითი ემოციები გამოიწვია. მათი თქმით, მსგავსი გამოცდილება არასოდეს ჰქონიათ სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღვინოს საჩუქრად ტურისტები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში მიიღებენ.