საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა შარშან 5 მილიონს გადააჭარბა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 033 323 მგზავრს მოემსახურა. 2017 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 23.55 პროცენტით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 77.20% პროცენტით არის გაზრდილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 808 619 მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წელზე 20.37 პროცენტით (644 480 მგზავრით) მეტია.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 598 891 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 20.83 პროცენტით (103 223 მგზავრით) მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 52.37%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 617 373 მგზავრი – 2017 წელზე 212 200 მგზავრით მეტი.
2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 557-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 24 536, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 21 519, ხოლო ჩარტერების 3 017. 2017 წელს განხორციელებულ რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 16.96 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილებს, 2018 წლის მონაცემებით, წამყვან პოზიციებზე სამ ავიაკომპანია იმყოფება, ესენია: Wizz Air, Turkish Airlines და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. სხვაობა სამი ავიაგადამზიდველის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას შორის უმნიშვნელოა.
რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ავიაკომპანია Wizz Air – 587 179 მგზავრი 12%; ავიაკომპანია Turkish Airlines – 559 749 მგზავრი 11%; ავიაკომპანია „Georgian Airways” – 550 831 მგზავრი 11%; ავიაკომპანია Ural Airlines – 294 000 მგზავრი 6%; ავიაკომპანია Fly Dubai – 250 296 მგზავრი 5%.
2018 წლის განმავლობაში 45 069 მგზავრი გადაიყვანა ამავე წელს დაფუძნებულმა ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა, 20 822 მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო AK Air Georgia-მ, რომელიც ასევე 2018 წელს შეიქმნა და ადგილობრივი რეისების შესრულებითა არის დაკავებული.