„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტები ჯამში 324 554 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნული მაჩვენებელი 25 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს – 259 612 მგზავრი.
იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარში 252 178 მგზავრს მოემსახურა, რაც 13 პროცენტით მეტია წინა წლის იანვართან შედარებით.
ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის იანვარში 112 პროცენტით გაიზარდა და 55 895 მგზავრი შეადგინა. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2019 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 15 973 მგზავრმა ისარგებლა, რაც 52 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებთან შედარებით.
ასევე, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდაა ადგილობრივ აეროპორტებშიც. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში ეს მაჩვენებელი 18 პროცენტითაა გაზრდილი და 401 მგზავრს შეადგენს. ამბროლაურის აეროპორტით გასულ თვეში 107-მა ადამიანმა ისარგებლა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 პროცენტით მეტია.