საქართველოს აეროპორტები, 2018 წლის 8 თვის მონაცემებით, 3 375 959 მგზავრს მოემსახურა, რაც 25 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს – 2,703,503 მგზავრი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, აგვისტოში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აგვისტოში 461 051 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე – 413 347 მგზავრი. 8 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24 პროცენტი შეადგინა (2 565 226 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის აგვისტოში 44 პროცენტით გაიზარდა და 72 210 მგზავრი შეადგინა. რაც შეეხება 8 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 382 325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35 პროცენტით მეტია (2017 წლის 8 თვე – 283 355 მგზავრი).
ასევე, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის აგვისტოში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 121 298-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 12 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (108 262 მგზავრი). ამასთან, ბათუმის აეროპორტში 2018 წლის 8 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 24 პროცენტით გაიზარდა და 422 888 მგზავრი შეადგინა.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 8 თვეში 5, 520 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 8 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 251 რეისი შესრულდა.