საქართველოს აეროპორტებში იანვარ-მარტში მგზავრთნაკადი 21 პროცენტით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის სამი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 1,014,732 მგზავრს მოემსახურა, რაც 21 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს – 2018 წელი 839,518 მგზავრი.
მარტში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მარტში 314 065 მგზავრს მოემსახურა, რაც 8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 290 739 მგზავრი ). სამი თვის ჭრილში მგზავრთნაკადის ზრდამ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 804 673 მგზავრით 11 პროცენტი შეადგინა (2018 წელი 3 თვე – 723,941 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის მარტში 83 პროცენტით გაიზარდა და 53 316 მგზავრი შეადგინა (2018 წლის მარტი 29 161 მგზავრი). რაც შეეხება სამი თვის მონაცემებს, ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 156 784 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101 პროცენტით მეტია. (2018 წლის 3 თვე – 78020).
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის მარტში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 21 664 მგზავრმა ისარგებლა. რაც 16 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის მარტი – 18631 მგზავრი). სამი თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 41 პროცენტით გაიზარდა და 51 916 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 3 თვე – 36760 მგზავრი).