საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ჩინეთიდან წამოსული საქართველოს სამი მოქალაქე ჩამოსვლისთანავე საკარანტინო პროცედურებს გაივლის
მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა მოხდეს საქართველოს სამი მოქალაქის სამშობლოში უპრობლემოდ დაბრუნება და შემოწმება, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ჩინეთში საქართველოს საელჩოდან და მინისტრის დავალებით, აეროპორტების გაერთიანებამ უზრუნველყო საქართველოს სამი მოქალაქის სამშობლოში დაბრუნება. მოქალაქეები ჩამოსვლისთანავე გაივლიან სპეციალურ საკარანტინო პროცედურებს. შესაბამისად, იქნება მიღებული ყველა ზომა, რათა მოხდეს მათი სამშობლოში უპრობლემოდ დაბრუნება და შემოწმება“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.
კითხვაზე, რას გულისხმობს საკარანტინო შემოწმება და გახდება თუ არა საჭირო საქართველოს სამი მოქალაქის 14 დღით იზოლირება, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა აღნიშნა, რომ საკითხზე გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს, იმის შესაბამისად, როგორი კვლევის შედეგები იქნება.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები მგზავრობის ყველა ეტაპზე შემოწმდნენ და კარანტინში გადაყვანა არც ერთ ეტაპზე არ დასჭირდათ.