„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქის სამშობლოში დაბრუნებას უზრუნველყოფს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქისთვის საქართველოში გამოფრენას უზრუნველყოფს.
სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ოჯახი საქართველოში პეკინიდან ხვალ გამოფრინდება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც ჩინეთის ქალაქ იანგჭოუში იმყოფება, ფრენების გაუქმების გამო ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებდა.
ჩინეთში საქართველოს ელჩ არჩილ კალანდიას განცხადებით, ჩინეთში ფრენები ამ დროისთვის ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან სულ რამდენიმე ავიაკომპანია ასრულებს რეისებს და ბილეთის ფასები საკმაოდ მაღალია.
მისი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ ჩინეთის დატოვებას ფინანსური მიზეზებით ვერ ახერხებენ.