საქართველოს აეროპორტები მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 44 959-ით ნაკლებ მგზავრს მოემსახურნენ
საქართველოს ხუთივე აეროპორტი – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, მესტია, ამბროლაური, 2019 წლის ივლისში 571 848 მგზავრს მოემსახურა, რაც 44 959 მგზავრით ნაკლებია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელთან (616 807 მგზავრი) შედარებით, – ასეთია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მონაცემები.
უწყების ინფორმაციით, მგზავრთნაკადის 7,3-პროცენტიანი კლება გამოიწვია 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ.
ამასთან, 2019 წლის ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 384 632 მგზავრს მოემსახურა, რაც დაახლოებით 10 პროცენტით (44 494 მგზავრით) ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის ივლისში თბილისის აეროპორტი 429 126 მგზავრს მოემსახურა.
ამავე საანგარიშო პერიოდში მგზავრთნაკადი შემცირდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2019 წლის ივლისში ბათუმის აეროპორტის მომსახურებით 100 432-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 10 893-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის ივლისში ბათუმის აეროპორტი 111 325 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 14 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. 2019 წლის ივლისში აღნიშნული აეროპორტის მომსახურებით 85 738 მგზავრმა ისარგებლა მაშინ, როცა 2018 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 75 372 მგზავრი იყო.
„ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის სტატისტიკაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ, რადგან აღნიშნული აეროპორტიდან რუსეთის მიმართულებით კვირაში მხოლოდ ორი რეისი სრულდებოდა“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მონაცემები.
რაც შეეხება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს, ისინი 2019 წლის ივლისში ჯამურად 1 046 მგზავრს მოემსახურნენ. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 984 მგზავრი იყო. მესტიის აეროპორტის მომსახურებით 2019 წლის ივლისში 819 მგზავრმა ისარგებლა, რაც 75 მგზავრით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (744 მგზავრი), ხოლო ამბროლაურის აეროპორტმა საანგარიშო პერიოდში 227 მგზავრი გაატარა, რაც 13 მგზავრით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (240 მგზავრი).