საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მინსკში გამართული განვითარების თასის შემდეგ, საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გაემგზავრა, სადაც მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივ გუნდთან საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა და 1:0 გაიმარჯვა.
საფეხბურთო კლუბ „ბუდუჩნოსტის“ ბაზაზე ჩატარებულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, მატჩის 28-ე წუთზე გავიდა: კუთხური გიორგი რობაქიძემ მოაწოდა, ბურთისთვის ბრძოლა 35-ე სკოლის ფორვარდმა – გიორგი პარკინაშვილმა მოიგო და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
32-ე წუთზე მოედანზე ვითარება დაიძაბა, რომლის აღმოსაფხვრელადაც მთავარმა მსაჯმა ორ ქართველ ფეხბურთელსა და ერთ მონტენეგროელს ყვითელი ბარათი აჩვენა. ერთ-ერთი გაფრთხილებული გიორგი ტაბატაძე იყო. მან 76-ე წუთზე მასპინძელთა მოთამაშეს ხელი ჰკრა, მონტენეგროელმა კარგად გააფორმა. ადგილობრივმა არბიტრმა ქართველ ფეხბურთელს წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.
თუმცა, მასპინძლებს ამანაც ვერ უშველა. მათ მეორე ტაიმის დასაწყისში ორი კარგი მომენტიც ვერ გამოიყენეს – სტეფან რადოევიჩმა და ედინ ბაბაჩიჩმა საქართველოს კარის აღება ვერ შეძლეს. საბოლოოდ, გიორგი ჩიტაურის გუნდმა მონტენეგროს 17-წლამდელთა ნაკრები 1:0 დაამარცხა. გუნდები მეორე მატჩს 17 თებერვალს გამართავენ.
„შეხვედრა ნამდვილ ბრძოლას ჰგავდა. საქართველომ აჩვენა, რომ ძალიან ხარისხიანი გუნდი ჰყავს და ჩვენი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის არყოფნით კარგად ისარგებლა“, – განაცხადა მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა სლობოდან დრაშკოვიჩმა.
მონტენეგრო – საქართველო 0:1
გოლი: 0:1 პარკინაშვილი (28. რობაქიძის პასით)
საქართველო U17: კურტანიძე, ხარჩილავა, ნარიმანიძე, ჩიხაძე, მაღრაძე (67. ხაჩიძე), ტაბატაძე, ალიბეგაშვილი (67. გადილია), ლორთქიფანიძე, ციკოლია, რობაქიძე, პარკინაშვილი (80. ბასილაძე)
სათადარიგოები: კოპალიანი, გოგიჩაიშვილი, გიუნაშვილი, პარკაძე, კარაევი, ცეცხლაძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური
გაფრთხილებები: ლულიანოვიჩი (34), ლორთქიფანიძე (34), ტაბატაძე (34)
გაძევება: ტაბატაძე (76)