საქართველომ გერმანიისგან სამედიცინო ტვირთი მიიღო
საქართველომ გერმანიისგან სამედიცინო ტვირთი მიიღო

საქართველომ გერმანიისგან სამედიცინო ტვირთი მიიღო. ლუგარის ლაბორატორიაში სამედიცინო ტვირთის გადაცემას გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, სამხედრო ატაშე და  საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ.

მოლეკულური ტესტების გარდა, ლაბორატორიას გადაეცა სეროლოგიური ტესტებიც, რომელიც ამ დრომდე საქართველოში არ ყოფილა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეს არის სწრაფი ტესტების უფრო ზუსტი ანალოგი, რომელიც იდგმება ლაბორატორიულ და არა საველე პირობებში.

„ძალიან მნიშვნელოვანია დღეს გერმანიის დახმარება. ვსარგებლობ შემთხვევით და გერმანიის მთავრობას, საელჩოს, ელჩს პირადად და სამხედრო ატაშეს მინდა, გადავუხადო მადლობა. იცით, რომ ჩვენ 2013 წლიდან ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტთან, რომელიც მიუნხენშია განთავსებული. ერთ-ერთი უზარმაზარი ინსტიტუტია მსოფლიო მასშტაბით. მათთან ერთად ჩვენ რამდენიმე დიდ პროექტს ვახორციელებთ. სწორედ კორონავირუსული პანდემიის დასაწყისში ისინი უკვე თებერვლის პირველივე რიცხვებში, მაშინ, როცა ჯერ კიდევ მზა ე. წ. ტესტი კიტები, „პისიარ“ კიტები ჯერ კიდევ არ არსებობდა, მოგვაწოდეს ის პრაიმერები, რომლითაც ხდება სხვადასხვა ნაკრების შედგენა ადგილზე და ჩვენთან უკვე თებერვლის დასაწყისიდან ხელმისაწვდომი იყო ადამიანების ტესტირება კორონავირუსულ ინფექციაზე. ამის შემდეგ სამჯერ განხორციელდა გერმანიის დახმარება. დღევანდელი დახმარება არის ისევ პრაიმერები და ასევე ახალი უკვე ტესტ-სისტემები. ეს გახლავთ იმ სწრაფი ტესტების უფრო ზუსტი ანალოგი, რომელიც იდგმება ლაბორატორიულ პირობებში და არა საველე პირობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ტესტ-სისტემებს გამოვიყენებთ შესაბამისი დანიშნულებისამებრ.

გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობა საერთოდ და ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით ათეულ და ასეულ წლებს ითვლის. მიხარია, რომ ჩვენი ცენტრი 2013 წლიდან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს მიკრობიოლოგიის ინსტიტუტთან. მადლობელი ვარ, რომ ყველა ამ ურთიერთობას მხარდაჭერას უწევს საქართველოში გერმანიის საელჩო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყებას და საკონსულოს მიუნხენში, რომლებმაც, მისი თქმით, უზრუნველყვეს ტვირთის საქართველოში ჩამოტანა.

„მინდა ასევე ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, მის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს და მთელ გუნდს, ასევე ჩვენს საკონსულოს მიუნხენში, რომლებმაც ბუნდესვერის ინსტიტუტიდან აიღეს ეს ტვირთი, ჩაიტანეს, საიდანაც ჩარტერი მოდის საქართველოში, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები ბრუნდებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მოგეხსენებათ, ახლა ტვირთების მოძრაობა ფრენების შეფერხების გამო გახანგრძლივებულია და სწრაფი პარტნიორული თანამშრომლობით საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები და გერმანიის საელჩო და გერმანიის მთავრობა დაავადებათა კონტროლის ცენტრს სერიოზულ დახმარებას უწევს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, გერმანიიდან ჩამოსულია ტესტების მასალა, რომელიც განკუთვნილია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის.

„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა ტესტების მასალა გერმანიიდან. ეს ტესტების მასალა განკუთვნილია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის. აქ შესანიშნავი ხალხი მუშაობს. მათ შორის პროფესორი გამყრელიძე. გერმანიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან დიდხნიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია კრიზისის დროს. ეს არის ტესტების მასალის მეოთხე პარტია. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ კომპეტენტურ ინსტიტუტთან, როგორიც გახლავთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

გერმანულმა ინსტიტუტმა გამოაგზავნა არა ტესტები, არამედ მასალა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიყენებს ტესტების დასამზადებლად. ეს არის კომპეტენტური ინსტიტუტი, რომელსაც ეს შეუძლია და ამაყი ვარ, ვიხილო საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობა“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.