საქართველომ გაერო-ს საერთაშორისო საძიებო და სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის სამდივნოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველომ საფრანგეთის მთავრობის, გაერო-ს საერთაშორისო საძიებო და სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის სამდივნოს (INSARAG Secretariat), სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის გენერალური დირექტორატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მსგავს შეხვედრაში საქართველო პირველად მონაწილეობდა. რეგიონული შეხვედრა განკუთვნილი იყო ურბანული საძიებო და სამაშველო (USAR) საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირების და მთავრობის წარმომადგენლებისათვის.
ღონისძიება საფრანგეთში, ქალაქ ექსან პროვანსში შედგა, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლევან მაისურაძე ესწრებოდა.
რეგიონულ შეხვედრაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და INSARAG-ს შორის დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები საქართველოსთვის ეროვნული აკრედიტაციის პროცესის დასაწყებად.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, გაერო-ს საერთაშორისო საძიებო და სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის სამდივნოს ეროვნული აკრედიტაციის პროცესის (NAP) დაწყების ხელშესაწყობად, ოფიციალური წერილით უკვე მიმართა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ NAP-ის მიღება საქართველოს სახანძრო-სამაშველო ძალების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვასა და გადამზადებას ითვალისწინებს, რაც საქართველოს მეხანძრე-მაშველების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.