საქართველომ 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ ტესტი მიიღო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ (PCR) ტესტი მიიღო.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კორეიდან ჩამოსული ტესტების გადმოტვირთის პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესწრებოდნენ.
აღნიშნული ტესტები კორეულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და კორეაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით იქნა შეძენილი და ტრანსპორტირებული. ტესტები შეძენილი იქნა „საქართველოს ბანკის” აქტიური ჩართულობით და ფინანსური მხარდაჭერით.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული საკოორდინაციო საბჭოს დავალებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში COVID-19 პანდემიისათვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობისა და პრეპარატების მომარაგების პროცესში.
როგორც ცნობილია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნების უმეტესობამ შემოღებული საგანგებო რეჟიმის ღონისძიებების ფარგლებში აკრძალვა დააწესა მთელი რიგი სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები კი ხელს უწყობენ არა მხოლოდ საჭირო პროდუქციის მობილიზებას, არამედ შემდგომ მათ სათანადო ტრასპორტირებას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურ კოორდინაციაშია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით ქვეყანაში სედიცინო ნედლეულის მარაგების მართვას კურირებს.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.