საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გერმანიაში ისევ შემცირდა
გერმანიაში თავშესაფარი მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს 175-მა მოქალაქემ მოითხოვა. მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მცირდება.
მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის მონაცემებით, ივლისის მაჩვენებლებით საქართველო არ მოხვდა იმ 10 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეები თავშესაფარს ქვეყანაში ყველაზე ხშირად ითხოვენ. თუმცა, იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით, საქართველო ამ კუთხით მე-9 პოზიციას იკავებს. გერმანიაში თავშესაფარი შვიდ თვეში საქართველოს 2625-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 2.6 პროცენტია.
გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებას გეგმავს. შედეგად, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადები შემცირდება.