საქართველო წელს ნატო-ს 29 წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლებს
საქართველო წელს ნატო-ს 29 წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლებს

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის კონფერენციაზე თბილისი ალიანსის 29 წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

როგორც პირველ არხს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა განუცხადა, ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ნატო აღიარებს საქართველოს, როგორც სამაგალითო ქვეყანას პარტნიორებისთვის.

„წელს საქართველოში ჩატარდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის კონფერენცია. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ნატო აღიარებს საქართველოს, როგორც სამაგალითო ქვეყანას პარტნიორებისთვის. ასევე, ნატო ამბობს, რომ  სინქრონიზაციის კონფერენცია გვჭირდება, რათა საქართველოში მიღწეული პროგრესი, დასახული მიზნების განხორციელების წარმატებული მაგალითი გაიზიარონ ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც. შესაბამისად, წელს ჩვენ წარმოდგენილი გვეყოლება ნატო-ს სამხედრო და პოლიტიკური ნაწილის სტრატეგიული დონე – ნატო-ს 29 წევრი ქვეყანა და ყველა პარტნიორი“,-აღნიშნა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანი არსებითი პაკეტის განხორციელებაზეც საუბრობს და დარწმუნებულია, რომ არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელების პროცესში  ნატოს 29-ვე ქვეყანა ჩაერთვება.

„დღესდღეობით, არსებითი პაკეტის შემადგენლობაში გვყავს ნატოს 29 წევრი ქვეყანა და ორი პარტნიორი შვედეთი და ფინეთი. დარწმუნებული ვართ, რომ არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელების პროცესში ჩაერთვება ნატო-ს 29-ვე ქვეყანა. ეს ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინიტროს ინიციატივით და ნატო-ს მხარდაჭერით ტარდება. წელს საქართველოში იგეგმება მორიგი, მაგრამ ნატო-ს წევრების მონაწილეობის კუთხით მნიშვნელოვნად გაზრდილი ორი საერთაშორისო წვრთნა. 2019 წელს დაგეგმილია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნა. ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტის ფორმატში ნატო-ს 39 ექსპერტია საქართველოში. ისინი ქართველ პროფესიონალებთან ერთად, მუშაობენ. ეს მნიშვნელოვანი ძალისხმევა და თანამშრომლობაა. ჩვენთვის მისაღწევია ნატო-ში ინტეგრირება და მისაღწევია შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატო-ს სტანდარტებთან. რეფორმების ძირითადი ხაზიც მორგებული იყო ამ მიზანზე, რომ ჩამოყალიბდეს მდგრადი ეფექტიანი, მობილური შეიარაღებული ძალები. მათ ექნებათ გამოკვეთილი თავდაცვითი შესაძლებლობები. ეს არის პროგრესი, რომელზეც ნატო საუბრობს. ეს არის თვალშისაცემი და ხელშესახები წარმატება. აღსანიშნავია პატარა საქართველოს კონტრიბუცია. დღეს ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 871 სამხედრო მოსამსახურეა წარმოდგენილი და ავღანეთში  ტერორიზმს ებრძვის. ჩვენთვის ავღანეთში ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაა“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პირველ არხთან საუბარში.