საქართველო სამი წლის განმავლობაში საფრანგეთისგან დახმარების სახით 483 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს
საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვით, სამი წლის განმავლობაში საქართველო საფრანგეთისგან დახმარების სახით 483 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს.
2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა ხელი.
შეთანხმების მიხედვით, საქართველომ საფრანგეთისგან დახმარების სახით უნდა მიიღოს 483 მილიონი ევროს დაფინანსება, აქედან 33 მილიონ ევროზე მეტი გრანტის სახით. როგორც აღინიშნა, ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, პრაქტიკულად ორმაგდება თანამშრომლობის აქამდე არსებული მასშტაბი.
ამასთან, როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეთანხმების მიზანია, 2021-2023 წლებში სააგენტოსთან თანამშრომლობის საორიენტაციო სფეროებისა და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, წარმოდგენილი შეთანხმების გაფორმება ერთგვარი დემონსტრირებაა იმ წარმატებული თანამშრომლობისა, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან აქვს.
შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კერძო სექტორის განვითარება, მმართველობა, რეგიონული განვითარება, სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა.
2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამა, ასევე, მოიცავს პროგრამებსა და პროექტებს ენერგეტიკის, წყალმომარაგების, სანიტარული სექტორის, წყლის რესურსების მართვისა და ირიგაციის მიმართულებებით.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულმა დირექტორმა სესილ კუპრიმ.