„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“- სასამართლო სხდომა მხარეთა მიერ წარდგენილ არგუმენტებზე ადვოკატების პასუხებით გრძელდება
სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ზეპირი მოსმენა მხარეთა მიერ წარდგენილ არგუმენტებზე საქართველოს და რუსეთის სახელმწიფოების ადვოკატების პასუხებით გრძელდება.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი სტრასბურგიდან იუწყება, სასამართლოს სხდომაზე, რომელიც თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყო, სახელმწიფოებმა საკუთარი არგუმენტები წარადგინეს. როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავენ.
საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამცველი სხდომაზე ერთ საათზე მეტ ხანს გამოდიოდა. ადვოკატმა ბენ ემერსონმა საუბარი იმით დაიწყო, რომ დამოუკიდებლობიდან 100 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის აგრესიულ ოკუპაციას.
„ბატონო პრეზიდენტო, სასამართლოს წევრებო, წელს საქართველო იმპერიული რუსეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველო 1918 წლის შემდეგ მიისწრაფვოდა ევროპული სოციალ-დემოკრატიული მოდელის მშენებლობისკენ. რუსეთი არასდროს ეთანხმებოდა აღნიშნულ არჩევანს და ამ 100 წლის განმავლობაში, არაერთი სამხედრო თუ პოლიტიკური კამპანია მიმართა საქართველოს წინააღმდეგ, რომელთა მიზანიც დემოკრატიის სულისა და დამოუკიდებლობის განადგურება იყო. დღეს ამ საზეიმო თარიღს თან მწუხარებაც ახლავს, რადგან რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის აგრესიულ ოკუპაციას“, – განაცხადა სხდომაზე საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა.
შესავალ სიტყვაში ადვოკატმა ეთნიკურ წმენდასა და ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ძალისხმევა არ დაიშურა ქართველების საკუთარი ტერიტორიიდან გაძევებისთვის.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, როგორც სტრასბურგიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, რუსეთის სახელით ჯერ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ გალპერინი წარსდგა, შემდეგ კი, ადვოკატმა ისაუბრა. მათ ჯამში დაახლოებით 100-ჯერ ახსენეს სიტყვები – ფალსიფიკაცია და გაყალბება. რუსეთის წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ ადამიანების მკვლელობის, წამებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თემიდან, აქცენტი იმაზე გადაეტანათ, ვინ დაიწყო ომი.
მოსამართლეებს მხარეებისთვის კითხვები არ დაუსვამთ. სასამართლომ მათ ერთმანეთის მიერ წარდგენილ პოზიციებზე პასუხისთვის დრო მისცა.
საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბოლო ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს.