საქართველო მხარს უჭერს „ევროკონტროლის“ ინიციატივას ავიაკომპანიებისთვის სააერნაოსნო მომსახურების გადასახადის გადავადების შესახებ
საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) ინიციატივას, რომელიც ავიაკომპანიებისთვის სააერნაოსნო მომსახურების გადასახადის გადავადებას ითვალისწინებს.
ავიაინდუსტრიისთვის 1.1 მლრდ ევროს მოცულობის გადასახადების გადავადების საკითხი ორგანიზაციამ წევრ სახელმწიფოებთან შეათანხმა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ, რომელიც ამავე დროს „ევროკონტროლის“ (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია.
ინიციატივის თანახმად, ავიაკომპანიებს მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახადი გადაუვადდათ შემდეგი სქემით: მიმდინარე წლის თებერვლის გადასახადის გადახდის ბოლო ვადა განისაზღვრა 2020 წლის ნოემბერში, მიმდინარე წლის მარტის – 2021 წლის თებერვალში, მიმდინარე წლის აპრილის – 2021 წლის მაისში, ხოლო მიმდინარე წლის მაისის – 2021 წლის აგვისტოში.
„სამწუხაროდ, ავიაციის სექტორი დღეს რთული გამოწვევის წინაშე დგას და უახლოესი პერიოდის პროგნოზებიც ამ მიმართულებით საკმაოდ პესიმისტურია. საქართველომ, როგორც EUROCONTROL-ის წევრმა სახელმწიფომ, მხარი დაუჭირა ორგანიზაციის ინიციატივას ავიაკომპანიებისთვის სააერნაოსნო მომსახურების გადასახადის გადავადებასთან დაკავშირებით. ამით, პრაქტიკულად გათვალისწინებულ იქნა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) თხოვნაც სახელმწიფოებისადმი, მხარი დაეჭირათ ავიაკომპანიებისთვის კრიზისის დასაძლევად. ვიმედოვნებთ, რომ საერთო ძალებით შევძლებთ გლობალურ გამოწვევასთან გამკლავებას“, – აღნიშნა ლევან კარანაძემ.
ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, იმონ ბრენანის განცხადებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს ინდუსტრიის ლიკვიდობას.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენმა წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას. ეს ხელს შეუწყობს ინდუსტრიის ლიკვიდობას. ჩვენს ორგანიზაციას დაუკავშირდა არაერთი ავიაკომპანია, რომლებიც ადასტურებენ, რომ გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ. საჰაერო მიმოსვლის 90-პროცენტიანი შემცირების ფონზე, წევრი სახელმწიფოები აღიარებენ საერთო გამოწვევას. ამ გადასახადების გადავადება ავიაკომპანიებს ტვირთს შეუმსუბუქებს. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ამ ღონისძიების მნიშვნელობა, რადგან საავიაციო ინდუსტრიისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებაა“, – განაცხადა ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, იმონ ბრენანმა.