„საქართველო კვლავაც უნდა იყოს მოწადინებული და დაამტკიცოს, რომ წინ მიდის“
საქართველომ ყურადღების კონცენტრირება უნდა მოახდინოს რეფორმებზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, სანდრა კალნიეტემ განაცხადა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთვის 2018 წელს 45 მილიონიანი მიკროსაფინანსო დახმარების გამოყოფის შესახებ იმსჯელეს.
„რეფორმები სასარგებლოა საქართველოსთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის მოწინავე სახელმწიფოა, მაგრამ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. საქართველო კვლავაც უნდა იყოს მოწადინებული და უნდა დაამტკიცოს, რომ ქვეყანა მიდის წინ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არ არის დამოკიდებული ევროკავშირზე. ეს არის გრძელი გზა და პროცესი. ამ გზაზე წარმატებას სჭირდება მოწადინება, მიზანდასახულობა, მოთმინება და პოლიტიკური ნება“, – აღნიშნა სანდრა კალნიეტემ.
მისივე თქმით, აუცილებელია პრესის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო, მრავალპარტიულობა, ასევე უმრავლესობის მიერ უმცირესობის პატივისცემა.