დღეიდან 17 სექტემბრის ჩათვლით საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას უმასპინძლებს.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდეგ ეს მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა.
მათივე ცნობით, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.
ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდება. გარდა იმისა, რომ ღონისძიება აღნიშნული ცენტრისა და ქართველი ეპიდემიოლოგების სრული ჩართულობითა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება, ჩარტერს, რომლითაც საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვლენ, ოთხი ეპიდემიოლოგი ჩამოჰყვება.
ღონისძიების მონაწილეები, რომლებსაც საქართველოში გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ექნებათ ჩატარებული 72 საათის ვალიდურობის პისიარტესტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად, საზღვარზე წარმოადგენენ ტესტირების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
ღონისძიების მონაწილე სხვა პირებს, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ვერ შეძლებენ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას, საქართველოში ტესტირება ჩაუტარდებათ და ტესტის პასუხების მიღებამდე ისინი იზოლირებული იქნებიან.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
„გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში გაირკვევა.
საქართველოს გამოცდილება აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით, როგორც ყველაზე წარმატებული ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მართვის კუთხით. ამ მხრივ, მაღალი დონის შეხვედრის მასპინძლობა კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას – ქვეყნისა, რომელსაც უსაფრთხოდ, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით შეუძლია, ნებისმიერი მაღალი რანგის ღონისძიებას უმასპინძლოს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში UNWTO-ის მაღალი რანგის შეხვედრის გამართვა ჯერ კიდევ პანდემიამდე გადაწყდა. თავდაპირველად, ღონისძიება 2020 წლის ივნისში უნდა ჩატარებულიყო. ადგილზე არსებული ვითარების შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები ინსპექტირების მიზნით, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მზაობას, ემასპინძლა მაღალი რანგის წარმომადგენლობითი შეხვედრისთვის. ინსპექტირებისას შეფასდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა პანდემიის გამო, აღნიშნული ღონისძიების ჩატარების თარიღი გადაიდო. მასპინძელი ქვეყნის ხელახალი შერჩევისას საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა იმ ფაქტორმა, რომ ჩვენი ქვეყანა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, UNWTO-ის მაღალი რანგის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის მიმართულებით საინვესტიციო პანელიც გაიმართება.
„საინვესტიციო პანელში მონაწილეობა ასევე დაეხმარება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას, გააცნოს საკუთარი ბიზნესხედვები და პროექტები პოტენციურ პარტნიორებს. საუბარი შეეხება საინვესტიციო შესაძლებლობებს ტურიზმის ინდუსტრიაში, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ ტურისტული მიმართულებით ინვესტორების მოზიდვას.
ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას აქტიურად გააშუქებს საერთაშორისო მედია – საქართველოში ჩამოვლენ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, როგორიცაა „ნიუ იორკ თაიმსი“, „ბიბისი თრეველი“, „ევრონიუსი“, ესპანური „ფორბსი“, EFE News, „დიპლომატი“, „ელ ესპანიოლი“ და სხვ. შესაბამისად, საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდება მსოფლიო პრესის ფოკუსში, როგორც პანდემიისგან უსაფრთხო ქვეყანა, სადაც გაერო-ს ორგანიზაცია – UNWTO თავის პირველ პოსტპანდემიურ მაღალი რანგის შეხვედრას ატარებს. შედეგად, გავლენიან საერთაშორისო მედიაში გავრცელდება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სტატიები, სიუჟეტები და ბლოგები, რომელთა მეშვეობითაც კიდევ უფრო მეტად მოხდება საქართველოს პოზიციონირება, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების.
საქართველოს UNWTO-სთან ურთიერთობის წარმატებული ისტორია აქვს. აღნიშნულმა ორგანიზაციამ, საქართველოს აქტიური და ნაყოფიერი ჩართულობით, შეიმუშავა გზამკვლევი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც „კოვიდის“ პირობებში ტურისტულად აქტიურები არიან.
ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მიდგომა „კოვიდთან“ ბრძოლაში მაქსიმალურად მოქნილი და ეფექტიანია. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მსვლელობისას დაცული იქნება ყველა საერთაშორისო პროტოკოლი, რომელიც აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და წარმატებით მოქმედებს საქართველოში.
UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად თბილისი შეარჩია, რითაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა“, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.