საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის მაღალი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრას მასპინძლობს
CAREC – 2030 სტრატეგიის მიზნების განხორციელება, რეგიონული თანამშრომლობა ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საფინანსო და სხვა სექტორებში, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების განვითარება, – ეს მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელთაც ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი რანგის წარმომადგენელები 13-14 ივნისს თბილისში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. სხდომას თავმჯდომარეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
„CAREC-ის შეხვედრაზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ინიციატივით გამოვიდეთ და განსახილველად დავაყენოთ რეგიონული თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობის, სატრანსპორტო დერეფნის, ენერგოუსაფრთხოების, ტურიზმის და სხვა მიმართულებებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყანა, რათა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფორმირება CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის. ასევე, მხარს ვუჭერთ ენერგეტიკის მიმართულებით საერთო პროექტებისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას, აგრეთვე საბაჟო პუნქტების ერთობლივი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში.
„CAREC-ის რეგიონს დიდი შესაძლებლობა აქვს, გახდეს მწვანე ეკონომიკაზე გლობალური გადასვლის ლიდერი,“ – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, შაოჰონგ იანგმა.
მისი თქმით, რეგიონული თანამშრომლობა აღნიშნული რეგიონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკაზე გადასასვლელად. შაოჰონგ იანგმა მადლობა გადაუხადა გენადი არველაძეს საქართველოში 2023 წელს CAREC-ის ღონისძიებების მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის.
CAREC-ის პროგრამა 11 ქვეყნისა და განვითარების პარტნიორის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას. „კარეკი 2030“ ხანგრძლივ სტრატეგიულ ჩარჩოს წარმოადგენს ადამიანების, პოლიტიკისა და პროექტების დასაკავშირებლად რეგიონში მდგრადი განვითარებისთვის. 2023 წელს საქართველო არის CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანაა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო CAREC-ის მინისტერიალს უმასპინძლებს.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.