ლაგოდეხში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს კორონავირუსზე ტესტი უტარდებათ
ახალი რეგულაციის თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის გამშვებ პუნქტზე საერთაშორისო გადაზიდვების ყველა მძღოლს შემოსვლისთანავე კორონავირუსზე სწრაფი მარტივი ტესტი უტარდება, როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნულ პროცედურას, პასუხის გაცემის დროის ჩათვლით, სავარაუდოდ დასჭირდება ნახევარი საათი. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, მძღოლი გააგრძელებს გზას. ნებისმიერი ტესტის დადებითი შედეგის შემთხვევაში, მძღოლი გადაყვანილი იქნება ე.წ. ცხელების ცენტრში.
„ჩვენთან ეს ცენტრი განთავსებულია ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში. იქ აუღებენ ნიმუშს უკვე „პისიარ“ ტესტირებისათვის და დაელოდებიან საბოლოო დამადასტურებელ შედეგს“, – აღნიშნა ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, ნიმუშის აღებასა და ტესტის ჩატარებაზე გადამზადდა ლაგოდეხის საბაჟოს ოთხი თანამშრომელი. მათ უკვე დაიწყეს ლაგოდეხის საზღვარზე შემოსული შესაბამისი კონტიგენტის ტესტირება.
რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილ 87 ნიმუშის პასუხს, ხიზანიშვილის ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.