საქართველო ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენციას უმასპინძლებს
2020 წელს საქართველო ახალგაზრდა პარლამენტართა მე-7 მსოფლიო კონფერენციას უმასპინძლებს. ამის შესახებ, გადაწყვეტილება საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს, რიგით 140-ე ასამბლეის ფარგლებში, დოჰაში მიიღო.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოჰაში იმყოფება საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, მსოფლიო კონფერენციის ჩვენს ქვეყანაში გამართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება IPU-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.
„ასამბლეაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მომავალ წელს გაიმართება ახალგაზრდა პოლიტიკოსების, დეპუტატების გლობალური სამიტი საქართველოში და ეს ღონისძიება იქნება ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული საერთაშორისო საპარლამენტო კავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებისკენ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მსოფლიო კონფერენციის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება დელეგაციის წევრმა, გიორგი ხატიძემ.
„საპარლამენტთაშორისო კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დღეს იქნა გადაწყვეტილება მიღებული და დადასტურდა, რომ 2020 წელს საქართველო უმასპინძლებს საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ახალგაზრდა პარლამენტართა კონფერენციას. კონფერენცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან წარმომადგენლობითი, მონაწილეობას მიიღებს 100-მდე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია“,- აღნიშნა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.