საქალაქო სასამართლომ ცესკო-ს წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ოპოზიცია ითხოვდა ცესკო-ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლის მიხედვითაც, არჩევნები 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა, გაასაჩივრებს თუ არა ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ამასთან, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ცესკო-ს წინააღმდეგ იმავე საკითხზე „ევროპული საქართველოს“ სარჩელიც არ დააკმაყოფილა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ორი დღის წინ შეიტანეს.