საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს
საპროკურორო საბჭო დღეიდან გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს. საბჭოს წევრები 10:00 საათზე ტექნიკურ შეხვედრას გამართავენ, სადაც პროკურორობის მსურველებთან ინტერვიუს წარმართვის რეგლამენტს განსაზღვრავენ, 11:30 საათზე კი პირველ კანდიდატთან ინდივიდუალურ რეჟიმში დაიწყება გასაუბრება.
როგორც ცნობილია, ანბანური თანმიმდევრობით დღეში ორ კანდიდატს მოუსმენენ, ინტერვიუების ნახვა კი მოქალაქეებს საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე ლაივსტრიმის საშუალებით შეეძლებათ.
გენერალური პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ კონკურსის მონაწილეები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან, ვინაიდან მმართველი გუნდი ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ღია მხარდაჭერით, საპროკურორო საბჭოზე ზეგავლენას ახდენს.
„აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საკანონმდებლო ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ღიად განაცხადეს, უმრავლესობას ვგულისხმობ, რომ მხარს უჭერენ შოთაძეს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ, დანარჩენ კანდიდატებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში გვაგდებს და ფაქტობრივად გამოდის, რომ ეს ყოველივე განპირობებულია და მიმართულია იმისკენ, რომ სხვა ალტერნატივა არ განიხილებოდეს, გარდა შოთაძესი. ფაქტობრივად, საპროკურორო საბჭოზე ხდება ზეგავლენა“, -განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
პროკურორობის კიდევ ერთ კანდიდატს, პაატა გაბელიას კი იმედი აქვს, რომ საპროკურორო საბჭო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მე მიმაჩნია, რომ ობიექტური იქნება საბჭოს გადაწყვეტილება. როგორც მე, როგორც სხვა კანდიდატებსაც, შოთაძესაც მგონია, აქვს აბსოლუტური ლეგიტიმაცია, რომ მიიღოს ამ თანამდებობის კონკურსზე მონაწილეობა. რაც შეეხება ჩემს ხედვას, ეს არის პროკურატურის, როგორც სისტემის, მეტი დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პაატა გაბელიამ.
საპროკურორო საბჭოში განმარტავენ, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და პროკურორობის კანდიდატებს კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით, პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეარჩევენ.
საპროკურორო საბჭოს, კანონის შესაბამისად, პროკურორობის კანდიდატები აკადემიურმა წრეებმა და სამოქალაქო სექტორმა წარუდგინეს, ცალკეულ შემთხვევებში კი რამდენიმე მსურველმა საბჭოს პირადად მიმართა. გენერალური პროკურორის პოსტზე სულ 16 კანდიდატია წარდგენილი. ესენი არიან: ვიქტორ ახალბედაშვილი; პაატა გაბელია; რაულ გამისონია; მერაბ გამყრელიძე; ვალერიან ვაჭარაძე; დავით ზირაქაშვილი; ფიქრია ზირაქაშვილი; დარიკო თორდია; ვალერი კვანტალიანი; ალექსანდრე კობაიძე; კობა კობახიძე; დავით კოდანაშვილი; სოფიო შენგელია; ირაკლი შოთაძე; გელა ჩივაძე; რამაზ ჩინჩალაძე.
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, ფარული კენჭისყრით არანაკლებ სამ კანდიდატურას შეარჩევს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ამის შემდეგ კი ერთ კანდიდატს შეარჩევს, რომელსაც უკვე პარლამენტს წარუდგენს ასარჩევად. საკანონმდებლო ორგანო ახალ გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს. თუ პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო დეპუტატების ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით სხვა კანდიდატებს შეარჩევს.