საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით განხილვას ოპოზიციის წევრები არ დასწრებიან
საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით განხილვას ოპოზიციის წევრები არ დასწრებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ ის არ არის მზად, ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმაზე დაიწყოს მუშაობა.

მაჭრაშვილის თქმით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომას აღნიშნული კომიტეტის წევრი ოპოზიციონერები არ ესწრებოდნენ.

სხდომაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაში მონაწილეობის საკითხი განიხილეს.

„დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე არ მობრძანდნენ საპარლამენტო ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც არიან ჩვენი კომიტეტის წევრები. მაშინ, როდესაც ოპოზიცია ფიქრობს, რომ მოიწვიოს რიგგარეშე სესია, არ დადის კომიტეტის სხდომებზე. სამწუხაროდ, ასე ესმით საქართველოს პარლამენტში მუშაობა. თან მოიწვიონ სესია ისე, რომ ჯერ საკითხები არ აქვთ თვითონ დაორგანიზებული. კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში გვექნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს აქვს გეგმით გაწერილი, ამ შემთხვევაში საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულება. ვიმუშავებთ, რომ 21 სექტემბრამდე მოხდეს დაინიცირება, იმ შემთხვევაში, თუ იქნება შესაბამისი ხარვეზები დაფიქსირებული, შემდეგ, ნოემბრამდე უკვე ამ კანონპროექტების მიღება, რითაც შესრულდება პუნქტების ის ნაწილი, რომელიც აქვს კომიტეტს გაწერილი.

კიდევ ერთხელ განვმარტავ საზოგადოებისთვის, კომიტეტზე დავადგინეთ, რომ ჩვენს კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც კონსულტაციების საფუძველზე შეეძლებათ შემოსვლა საპარლამენტო ოპოზიციას, არა მხოლოდ კომიტეტის წევრებს, ზოგადად, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ივლისის თვეში იქნება კონსულტაციები. კომიტეტის სხდომაზე ჩვენ უკვე მომზადებულად, კოორდინირებულად შევქმნით სამუშაო ჯგუფს, სადაც იქნებიან საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი მოამზადებს სექტემბრამდე იმ შესაძლო კანონპროექტებს, რაზეც ვისაუბრებთ და გადავწყვეტთ, საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის მიმართულებით კიდევ არის რაღაც გასაძლიერებელი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. აღნიშნული კანონპროექტი ნოემბრამდე იქნება მიღებული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.