საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჭიჭინაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 2022 წლის ანგარიში გააცნო
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჭიჭინაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 2022 წლის ანგარიში გააცნო

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე წარდგა და 2022 წლის ანგარიში გააცნო. ანგარიში მოიცავდა როგორც სტატისტიკურ მონაცემებს, ასევე საინვესტიციო სამსახურის მუშაობას და სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

გიორგი ჭიჭინაძის თქმით, საანგარიშგებო პერიოდში, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ, ჯამში, 1 359 887 შეადგინა. ამავე პერიოდში, სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა იყო 94,994 და შენატანების საერთო ოდენობამ კი ამავე პერიოდში 2 583 270 821 47 ლარი შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში დაგროვებითი პენსია დაენიშნა 1 858 პირს და, ჯამში, 2019-2022 წლებში პენსიის სახით გაიცა 9 722 021 67 ლარი.

დირექტორის მოადგილემ დამსწრეებს ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლისთვის მზადების პროცედურები გააცნო და განუმარტა, რომ საპენსიო სააგენტო უკვე მზად არის ISO 27001-ის შესაბამისობის სერტიფიცირებისთვის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

„საინვესტიციო სამსახურის მუშაობას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, 2022 წლის იანვრიდან საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო საინვესტიციო პორტფელის შედეგების ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ფონდში მიმდინარე საინვესტიციო პროცესები. 2022 წლის განმავლობაში საინვესტიციო სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენდა პორტფელის ისეთი განაწილების შენარჩუნება, რომელიც ინფლაციისგან პორტფელის მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფდა. 2022 წლის პირველ ნახევარში სააგენტომ საინვესტიციო პორტფელში შეინარჩუნა ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სარგებლიანი ანგარიშების მნიშვნელოვანი წილი, რომელთა სარგებელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და წარმოადგენს ინფლაციისგან ირიბი დაზღვევის გზას. საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავდა ინვესტიციების მართვის კომიტეტის კონცეფცია, საპენსიო აქტივების ინვესტირება კი, კანონის თანახმად, მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში ხორციელდებოდა. ამ პერიოდში საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო საინვესტიციო პორტფელის შედეგების ყოველთვიური ანგარიშის სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნება. მარტის თვიდან საინვესტიციო სამსახურმა ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვა დაიწყო, ხოლო აპრილში წარმატებით განხორციელდა პირველი ინვესტიციები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში.

საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტიციებისთვის საინვესტიციო სამსახურმა მოლაპარაკებები წარმატებით აწარმოვა და თანამშრომლობა დაიწყო მსოფლიოში უმსხვილეს საინვესტიციო ბანკებთან – JP Morgan Chase-სა და Citibank-თან. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საპენსიო სააგენტო გახდა ბლუმბერგში ეგრეთწოდებული Bmatch პლატფორმის მონაწილე. მცირე მოცულობით შეიძინა სუვერენული ევროობლიგაციები, ხოლო უცხოური ვალუტის დარჩენილი პოზიციები დროებით განთავსდა აშშ-ის მოკლევადიან სახაზინო ვალდებულებებში. ნოემბრის თვეში განხორციელდა პირველი ინვესტიცია ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში. ინვესტიციამ პორტფელის 0.1%, სულ 3.5 მილიონი ლარი შეადგინა“, – განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.