საპენსიო სააგენტომ სქემიდან გასვლის წესი დაამტკიცა, რომელიც ძველი რიცხვით ამოქმედდა
საპენსიო სააგენტომ სქემიდან გასვლის წესი დაამტკიცა, რომელიც ძველი რიცხვით ამოქმედდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის წესი დაამტკიცა. ბრძანება 27 მაისით თარიღდება და ძველი რიცხვით, პირველი აპრილიდან ამოქმედდა. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ბრძანებით, საპენსიო შენატანებისა და საინვესტიციო შემოსავლის დაბრუნების, ასევე სქემაში ხელახლა გაწევრიანების წესიც რეგულირდება.

დოკუმენტის მიხედვით, დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა 40 წელი და არ სურს, იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია დატოვოს სქემა მასში გაწევრიანებიდან ხუთი თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან სამი თვისა. სქემიდან გასვლის უფლების მქონე დასაქმებული მიმართავს საპენსიო სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებულ შენატანებსა და შესაბამის საინვესტიციო ან სხვა შემოსავალს მიიღებს სქემიდან გასვლის შემდეგ არაუმეტეს 60 დღის ვადაში. თანხა გადაირიცხება იმ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა საპენსიო შენატანები.

„დასაქმებულს, რომელიც უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, შეუძლია ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრიანდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში“, – წერია დოკუმენტში.

სქემაში ხელახლა გაწევრიანების მსურველი დასაქმებული აღნიშნულის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს დამსაქმებელს.