საპენსიო ასაკისა და შშმ პირებისთვის შემოდგომიდან მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყება
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, შემოდგომაზე სახელმწიფო პროგრამის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რაც საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სიღარიბის დაძლევის პროგრამაში განსაკუთრებული როლი უჭირავს იმას, რომ მოსახლეობას ის ხარჯები შეუმსუბუქონ, რაც მედიკამენტების შესყიდვას უკავშირდება.
„არაერთი კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ხარჯი სწორედ მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯია. აქედან გამომდინარე, არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა დავამუშავეთ. ერთ-ერთი მათგანი 13 აგვისტოდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა და ეს ფასდაკლება მთელ მოსახლეობაზე ვრცელდება. უკვე დღეს, დიაბეტით დაავადებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სამკურნალო საშუალებების შეძენა მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად შუეძლიათ. ამით ქრონიკულად დაავადებული მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოვების ახალი ეტაპი დაიწყო. პროგრამის ამოცანა მოწყვლადი მოსახლეობისთვის სამკურნალო დანახარჯების შემცირების მიზნით, ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ხელმისწვდომობის გაზრდაა. გასული წლის მაისში მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ვრცელდებოდა. შემოდგომაზე პროგრამის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რაც საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს შეეხება, ამ შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მომარაგებას, შემდეგი პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და სხვა ქრონიკულ დაავადებებს მოიცავს, რომლის მკურნალობა ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას“, – განაცხადა ბახტაძემ.
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 13 აგვისტოს ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო სექტემბრიდან პენსიონერებისთვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სუბსიდირებას მოახდენს და ისინი კიდევ უფრო გაიაფდება. გარდა ამისა, დიაბეტის სამკურნალო „მედფორმინის“, გლიმეპრიდისა“ და „გლიკლაზიდის“ შეძენა უკვე ნახევარ ფასად არის შესაძლებელი.