რუსეთში საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში შეკრებილთა რაოდენობამ 50 ათასს მიაღწია. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს პოლიცია. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ საპენსიო რეფორმა მხოლოდ სამი ათასმა აქტივისტმა გააპროტესტა.
აქციები კომუნისტური პარტიის, მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის“ და „სახალხო პატრიოტული კავშირის“ ორგანიზებით ჩატარდა.
დემონსტრაციები გაიმართა სანკტ-პეტერბურგში, ირკუტსკში და კიდევ რამდენიმე ქალაქში.
19 ივლისს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში საპენსიო რეფორმის ახალი კანონი დაამტკიცეს. დოკუმენტი 2028 წლისთვის მამაკაცების საპენსიო ასაკის 65 წლამდე, ხოლო 2034 წლისთვის ქალთა საპენსიო ასაკის 63 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამჟამად, რუსეთში ქალის საპენსიო ასაკი 55 წელი, მამაკაცის კი – 60 წელია.