საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღო
საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში ორი პირი დააკავეს: 1999 წელს დაბადებული, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ. მ. წარსულში ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ბრალდებით, ხოლო 2002 წელს დაბადებული ლ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა ბრალდებით.

სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, ორი პირი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.

„მათი ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა „ეკოლ პ 29″-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია პირბადეები და პოლიეთილენის ბახილები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და წარსულში ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, ასევე, 238 პრიმა პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.