საპატრიარქოს უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტების გახსნის საკითხზე მეუფე იაკობი ამერიკულ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
საპატრიარქოს უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტების გახსნის საკითხზე მეუფე იაკობი ამერიკულ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

საპატრიარქოს უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტების გახსნა იგეგმება. სასწავლო პროგრამები მუშავდება კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსურ-ეკონომიკური მიმართულებებით, – ამის შესახებ პირველ არხს ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა მეუფე იაკობმა განუცხადა.

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სახელით, მეუფე იაკობი ​ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მეუფე იაკობის ინფორმაციით, ჯერ სავარაუდო პარტნიორ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, შეხვედრების ორგანიზებაში კი აშშ-ში საქართველოს საელჩო და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა არიან ჩართულნი.

როგორც ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა მეუფე იაკობმა პირველ არხს განუმარტა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უნივერსიტეტებთან, რათა ახლად გახსნილ ფაკულტეტებზე ლექციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა პროფესორებმა წაიკითხონ.